2023 - გილოცავთ ახალ წელს!

2023 - გილოცავთ ახალ წელს!

წლის შეჯამება მოზომილ სიხარულს მოიცავს. ერთი მხრივ, ამ დროს იხსენებ, თუ რა შეძელი, რა გააკეთე და მეორე მხრივ, მომავლის გეგმებსაც სახავ - ფიქრდები იმაზე, თუ რა და როგორ გააკეთო.

 

ჩვენმა გამომცემლობამ მკითხველი არც ამჯერად დატოვა გამორჩეული წიგნების გარეშე. 2022 წელს Carpe diem-მა 9 ტექსტი გამოსცა:

 

  1. „რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიისათვის გერმანიაში“ (ჰაინრიხ ჰაინე)
  2. „არსებულისა და არსის შესახებ“ (თომა აქვინელი)
  3. „ფანტაზია და მსოფლმხედველობა“ (გიორგი ბარამიძე)
  4. „ტელევიზიის შესახებ“ (პიერ ბურდიე)
  5. „პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ“ (მარტინ ჰაიდეგერი)
  6. „რა არის მეტაფიზიკა“ (მარტინ ჰაიდეგერი)
  7. „ადამიანის სული სოციალიზმის დროს“ (ოსკარ უაილდი)
  8. „პატარა უფლისწული“ (ანტუან დე სენტ ეგზუპერი)
  9. „ანტიკური ფილოსოფია და ქრისტიანული მისტიკა“ (ზაზა შათირიშვილი)

 

 

დარწმუნებული ვართ ყველა მათგანმა უკვე იპოვა თავისი გამორჩეული მკითხველი.

 

წიგნების გამოცემით გამოწვეულ სიხარულს არც 2022-ში მოკლებია ჩვენთვის სევდა და გულისტკივილი. თუ 2021 წელს ჩვენი გამომცემლობის მეგობარმა, ლოგიკოსმა ნინო თომაშვილმა დაგვტოვა, 2022 წელს ნოდარ ნათაძე და ზურაბ კიკნაძე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე.

 

როგორც ცხონებული ქალბატონი ნინოს შემთხვევაში, ამჯერადაც ვმუშაობდით ზურაბ კიკნაძისა და ნოდარ ნათაძის წიგნების გამოცემაზე, როცა განგებამ დაგვაშორა მათ. ნოდარ ნათაძისა და ზურაბ კიკნაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისთვის! ამავე დროს, მათი სახელები უკვე საიქიო სამყოფელიდან შეგვახსენებენ, რომ არ გვაქვს უფლება დანებებისა და რომ უნდა გავაგრძელოთ ეს ტკბილ-მწარე საქმე, რასაც წიგნი და წიგნიერება ქვია.

 

ამიტომაც, 2023 წლისთვის მრავალი გეგმა გვაქვს: უკვე მოვიპოვეთ ლიცენზია სლოვენიელი ფილოსოფოსის სლავიო ჟიჟეკის წიგნზე - „იდეოლოგიის ამაღლებული ობიექტი“ (The Sublime Object of Ideology); ვფიქრობთ, ჰეგელის „ესთეტიკის“ მეორე და მესამე ტომის გამოშვებას; ასევე, გამოვცემთ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის რუდიგერ საფრანსკის მეტად საინტერესო წიგნს ჰაიდეგერზე - „ოსტატი გერმანიიდან - ჰაიდეგერი და მისი დრო“. ეს, ცხადია, არასრული ჩამონათვალი ჩვენი პროექტებისა!

 

სოციალურ ქსელში თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობთ - ეს ჩვენთვის გაცემული ავანსია, რომელიც უნდა გავამართლოთ და უკვე ახალ, 2023 წელს გაათმაგებული ენერგიით შევუდგეთ საქმიანობას!

 

გილოცავთ ახალ წელს!

გაზიარება: